მთავარიკულტურადიდ ბრიტანეთში ბარტი კერის გამოფენა მიმდინარეობს

დიდ ბრიტანეთში ბარტი კერის გამოფენა მიმდინარეობს

იორკშირის ქანდაკებათა მიწისქვეშა გალერეაში გადის სამაჯურებისგან გაკეთებული მბზინავი წითელი მილი, რომელიც არტერიას განასახიერებს.

აქ გავლა ამაღლებულ შეგრძნებას იწვეს, თითქოს საკუთარ თავსაც ფლობ და, ამავდროულად, ზემოდანაც დაჰყურებ საკუთარ სხეულს.

ხელოვან ბარტი ხერის მიზანია, ჩვენ, განსაკუთრებით კი ქალებს, ჩვენივე პოტენციალის რეალიზებაში დაგვეხმაროს.

„მე ვამსხვრევ სხეულს, რომ თავი გავითავისუფლო. შემდეგ ვაყალიბებ ტანს, რომ მისგან მოგონებები წამოვიღო“, – განაცხადა ხელოვანმა თავისი ახალი გამოფენის „ალქიმიის“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

„ეს არის ერთგვარი მცდელობა, რომ გავიგოთ, რა არის ჩვენი სხეული, ვინ ვართ ჩვენ? როგორი პოტენციალი გვაქვს? იმაზე მეტი წარმოდგენა მაქვს, რაც ვარ? შემიძლია ღრუბლებზე სიარული, ან სხვა რამედ გადაქცევა? და აღემატება თუ არა ჩემი ფანტაზია ჩემს ფიზიკურ შესაძლებლობებს?“

2000-იდან 2024 წლამდე ხერი თავისი ბრინჯაოს ქანდაკებებით, რომლებიც ბუნების ფონზე კიდევ უფრო სიზმრისეულ და იდუმალ მნიშვნელობას იძენს, გვთავაზობს ქალის იდენტობისა და ტრანსფორმაციის იდეებს,

ხერი ლონდონში დაიბადა, იგი დელიში 90-იანი წლების დასაწყისში გადავიდა. თუმცა დღემდე ორივე ქვეყანაში მუშაობს.

ინდური კულტურა ნებისმიერი იდეის შთაგონების წყაროა. მისი იდეოლოგიები და ტრადიციული მასალები კი ერთგვარი ინსტრუმენტებია პოლიტიკური, გენდერული და იდენტობის საკითხების წარმოსაჩენად.

„ალქიმია“ ხერის აბსტრაქტული ნამუშევრებით იხსნება. მათ შორისაა „ყრუ ოთახი“, სივრცე, რომელშიც 10 ტონა გამდნარი შუშის სამაჯურებისგან აგურებია გაკეთებული.

მაშინაც კი, როდესაც ქანდაკება ჯერაც არ არის დასრულებული, ხერის ნამუშევრებში ყოველთვის შენიშნავთ სილუეტს იმ აქსესუარებითა და საგნებით, რომელთა ერთობლიობა ძლიერ, გამძლე სტრუქტურას ქმნის.

დამთვალიერებლის ყურადღებას მაშინვე იპყრობს ნამუშევარი, რომელიც იმ ქალებს ეძღვნებათ, რომლებიც 2002 წლის გუჯარათის არეულობის დროს იძულებით დაადუმეს. ამ არეულობას სამი დღის განმავლობაში 1000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ნაპოვნი ნივთები ხშირად განსაზღვრავს ხერის ნამუშევრებს. თითქოს მათი თანდაყოლილი ისტორიებიც ცოცხლდება.

��ხანდახან, როცა ყველაზე უჩვეულო ადგილას თუ დროს აიღებ რაღაცას, ხვდები, რომ ეს ძალიან გჭირდება, შესაძლოა, ის რაღაც მნიშვნელოვანის ნაწილი იყოს. ეს საშუალებას გაძლევს, იყო უფრო გახსნილი“, – განუცხადა ევრონიუსს ხერმა.

ნამუშევარში „ცხელი ჰაერი, რომელიც დასავლეთიდან უბერავს“ გამოყენებულია შეერთებული შტატებიდან წამოღებული ძველი, ერთად შედუღებული ჟანგიანი რადიატორები, რომლებსაც ახალი, ფილოსოფიური მნიშვნელობა ენიჭება და რომელიც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ძალთა დინამიკის მეტაფორას ქმნის.

ხერი ქარს მიიჩნევს ცვლილების მამოძრავებელ ძალად, რომელიც ტრანსფორმაციის ერთგვარი გამოძახილია. „ვფიქრობ, რომ ის ქარი, რომელიც დასავლეთიდან უბერავს, აღარ არის ისეთი ძლიერი ან სანდო, როგორიც ადრე იყო. მეორე მხრივ, იცვლება ლანდშაფტი, პოლიტიკურმა გაურკვევლობებმა მსოფლიო უჩვეულო მდგომარეობაში ჩააგდო. გლობალური ბაზრების ეკონომიკურ აქტივობებს უარყოფითი ეკოლოგიური გავლენა აქვს, რაც კიდევ უფრო მეტად იწვევს დაუცველობის განცდას“.

ქანდაკებებში ხერი აქცენტს აკეთებს ქალის სხეულზე, რომელიც შთაგონებულია ტაძრების ქანდაკებებით და რომელშიც ცხოველური საწყისები და აზიური წეს-ჩვეულებებიც ჩანს.

„მე აქამდე არასდროს მინახავს სახალხო ქანდაკება სარით“, – ამბობს ხერი. ეს არის ის, რამაც შთააგონა მისი სარის ქალების სერია. ფისით დაფარული სარი სხეულებზე სხვადასხვაგვარად არის შემოხვეული, რაც სულიერი ტრანსფორმაციის ილუზიას ქმნის.

სარი ინახავს ჩვენი ცხოვრების ისტორიებს, ქსოვილის ნაწილი, რომელსაც მთელი ცხოვრება იყენებ, საბოლოოდ უკანასკნელი სამოსელი ხდება.

პატრიარქალური დამოკიდებულების გათვალისწინებით, ხერი თავის ბევრ ნამუშევარს ფოლკლორსა და მისტიკურ არსებებთან დაკავშირებული პირველყოფილი მახასიათებლებით ავსებს.

„ჰიბრიდული სერია“ იმ ქალთა ფოტოების ციფრული კოლაჟია, რომლებიც დაკავებული არიან საოჯახო საქმეებით, მაგალითად, საკვების მომზადებითა თუ დასუფთავებით. ასეთი ქალები ახალ ძალას ნახევრად ცხოველურ არსებად გარდასახვის შემდეგ იძენენ.

ხერის ნამუშევრებში ყოველთვის იგრძნობა თვითმყოფადობის განცდა, რომელიც ებრძვის შეზღუდვებთან მიჯაჭვულობას.

ბოლო საგამოფენო სივრცეში კი დამთვალიერებლებს ქალაქ კოლკატიდან ექვსი თვალებდახუჭული სექსმუშაკი ქალის ქანდაკება დახვდებათ.

ისინი ოდნავ მოღუშული მხრებით, მუხლებზე ხელებით სხედან და მედიტაციაში არიან. ირგვლივ გამეფებულია სიჩუმე, რომელსაც მხოლოდ ფეხის ხმის ექო თუ არღვევს.

2012–2014 წლებში შექმნილი მოდელები 40-ს გადაცდენილი ქალები არიან, როგორც თავად არის. ხერის სურდა, მათი სხეული ასაკის შესაბამისი ყოფილიყო და არა იდეალური და სექსუალური.

„ცდილობ, აღბეჭდო მათი სუნთქვა, ცდილობ იპოვო მათი გონებისა და ფიქრების ანაბეჭდები, სულის საიდუმლოებანი. ის, რასაც მსახიობი განასახიერებს, მხოლოდ მოდელს შეუძლია მოგცეს“, – განაცხადა მან.

ამ ფიგურების გვერდით მზერას იპყრობს ბინდის სპირალი, მზიანი ყვითელი ფერებით, რომელიც თითქოს ათბობს ოთახის მცირე ნაწილს.

ხერიმ ნამუშევარი „ვირუსი“ 2010 წელს დაიწყო და, სავარაუდოდ, 2039 წელს დაასრულებს, როდესაც ის 70 წლის გახდება. მისი უწყვეტი ტრიალით რაღაცაში ჩავარდნის ილუზია იქმნება; შესაძლოა, ეს იყოს დროის უწყვეტობა, რომელიც გვაფიქრებს, თუ ვინ ვართ და ვინ შეიძლება გავხდეთ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend