მთავარისაქართველომავნე გამონაბოლქვის პრობლემის მიზეზები

მავნე გამონაბოლქვის პრობლემის მიზეზები

თბილისში ისევე როგორც ქვეყნის სხვა ქალაქებსა, თუ ავტომაგისტრალებზე, ჯერ კიდევ ხშირია ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილების გადაადგილების შემთხვევები. ყველაზე ხშირი და ხილული პრობლემა კი საწვავის გაუფილტრავი გამონაბოლქვია. საგზაო და ავტოუსაფრთხოების, ასევე ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები ერთხმად ამბობენ, რომ საქართველოში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, ჰაერის ერთ-ერთი მთავარი დამაბინძურებელი ფაქტორი სწორედ მოძველებული ავტოპარკია.

მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს“, რომელიც ჰაერის დაბინძურების აღკვეთის საკითხებზე მუშაობს, სოციალური ქსელებით არაერთ ვიდეო მასალას აქვეყნებს, სადაც ნათლად ჩანს ეს პრობლემა. მოძრაობის ლიდერი გიორგი ჯაფარიძე პრობლემის კომპლექსურობასა და გამოსავლის გზებზე საუბრობს.

„თბილისში ჰაერის დამაბინძურებელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის გაუმართავი ავტომობილები, სამშენებლო სექტორთან ერთად. ამისთვის დავაინიციირეთ და შემდგომ მიიღო კიდეც პარლამენტმა აღსრულების კანონი. კერძო ავტომფლობელთა ტრანსპორტთან ერთად დედაქალაქში უკვე საზოგადოებრივმა ტრანსპორტმაც, კერძოდ, ლურჯმა მიკროავტობუსებმაც დაიწყო მავნე გამონაბოლქვი. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ მერიას, რომ არ შემოეყვანა კვლავ დიზელზე მომუშავე ტრანსპორტი, თუმცა მერიამ მაინც შემოიყვანა. უკვე ყვითელი სამარშრუტო ავტომობილების მსგავსად ლურჯმა მიკროავტობუსებმაც დაიწყო მავნე ემისიები. ყველას ინტერესშია, რომ ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი, რადგან ეს არის დაბინძურების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, მეტი ძალისხმევაა საჭირო, მეტი სპეციალური საპატრულო ეკიპაჟის დამატება და სხვა კანონის მიღება და აღსრულებაც. მიზანი ხომ მხოლოდ ჯარიმებით ფულის ამოღება არაა მხოლოდ და მთავარი მოტივი ჰაერის დაბინძურების აღკვეთაა“, – აცხადებს გიორგი ჯაფარიძე.

გაუმართავი მანქანებით ჰაერის დაბინძურების საკითხზე სამოქალაქო აქტივისტების მსგავსად ყურადღებას ამახვილებენ ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციებშიც. „ტექინსპექტირება უსაფრთხოებისთვის“ კავშირის დირექტორი გიორგი შიოლაშვილი ხაზს უსვამს, რომ ეს პრობლემა ავტომობილთა დახარვეზების ხუთ მთავარ მიზეზში წამყვანია.

„ტექინსპექტირების მთავარი მიზანი ზუსტად ის არის, რომ შემცირდეს მავნე გამონაბოლქვის დონე. გაუმჯობესდეს ქვეყანაში არსებული ავტოპარკის მდგომარეობა და შესა���ამისად, ეს პირდაპირ აისახება იმ გარემოზე, რომელიც ყველასია და რომელშიც ვცხოვრობთ. ავტომობილთა ტექინსპექტირების დროს, გამონაბოლქვით დახარვეზება არის ერთ-ერთი ის კომპონენტი, რომელიც ყველაზე უფრო მეტად ფიქსირდება დარღვევათა ჩამონათვალში. მართალია, როდესაც ტექინსპექტირება დაიწყო, საწყის ეტაპზე უფრო მძიმე მდგომარეობა იყო, თუმცა არც ახლაა დიდი გაუმჯობესება. კვლავ პრობლემად რჩება განსაკუთრებით მძღოლების მხრიდან გარკვეული ერთჯერადი მანიპულაციები ამ ნიშნით დახარვეზების თავიდან ასაცილებლად. ამის კონტროლის მექანიზმი უნდა გაუმჯობესდეს“,- აცხადებს გიორგი შიოლაშვილი.

ტექნიკურ გაუმართაობასთან ერთად მომწამვლელი გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების საკითხში კიდევ ერთ გამოწვევას საწვავის ხარისხი წარმოადგენს. „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის“ პრეზიდენტი დავით მესხიშვილი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ ვერ ხერხდება საწვავის ხარისხის ეფექტური კონტროლი. მისივე თქმით, ტექინსპექტირებისას ავტომობილთა ხარვეზების აღმოფხვრის ნაცვლად მძღოლების მხრიდან დროებითი უკანონო მანიპულაციები კიდევ ერთ პრობლემად რჩება.

„ერთი მთავარი კითხვა საწვავის ხარისხთან დაკავშირებით კვლავ რჩება. ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვნახეთ გამართული მექანიზმი, თუ როგორ ხდება მონიტორინგი საწვავის ხარისხზე. თუმცა ჰაერის დაბინძურების ნაწილში ავტომობილების ტექნიკური გამართულობა არის უმთავრესი საკითხი. ჯერ კიდევ დახარვეზებული ავტომობილების მძღოლების ნაწილი მიმართავს მანიპულაციებს. მაგალითად, კატალიზატორების ქირაობა, მაღალი ოქტანობის საწვავის ერთჯერადად, ტექსტირების წინ გამოყენება, სხვადასხვა ქიმიური სითხე და ა.შ. მათ არ აქვთ სამწუხაროდ გააზრებული, თუ რამდენად წამლავენ ისინი გარემოს და პირველ რიგში ბავშვებს, მათ შორის საკუთარს. მოკლედ, მრავალი მიმართულების პრობლემაა და მათი გადაჭრისთვის განსაკუთრებით სახელმწიფოს გასაკეთებელია ბევრი რამ“, – ამბობს დავით მესხიშვილი.

2023 წლიდან ავტომობილთა გამონაბოლქვის კონტროლს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელებს, მხოლოდ ოთხ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში. მონიტორინგის დაწყების დღიდან, 2024 წლის 4 ივლისის ჩათვლით, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში 6189 პირი დაჯარიმდა. აქედან, 5405 ფიზიკური, ხოლო 784 – იურიდიული პირია.

ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე – 300 ლარი, მესამე ჯერზე – 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია.

ათი ერთეული საპატრულო ეკიპაჟის მუშაობასა და მაღალი ჯარიმების გამოწერას პრობლემის გადაჭრის მთავარ მექანიზმად არ მიიჩნევენ სპეციალისტები. მათი აზრით, აუცილებელია მასობრივი საინფორმაციო კამპანია, რათა მოსახლეობის, განსაკუთრებით ავტომფლობელთა, ცნობიერება ამაღლდეს. რადგან ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ საერთოა და მის დაბინძურებას ყველასთვის მოაქვს ზიანი.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend