მთავარისაქართველოაფროსნობა, ანუ „ჭადრაკი წყალზე”

აფროსნობა, ანუ „ჭადრაკი წყალზე”

ამ ბილიკებზე აფროსნებს რიგრიგობით ჩამოაქვთ ნავები და იწყებენ მათ აწყობას, რათა თბილისის ზღვაში შევიდნენ და ივარჯიშონ. ეს კი ერთ-ერთი აფროსანი, მარი წამალაშვილია, 4 წლის იყო აფროსნობაზე რომ მიიყვანეს. ახლა მარი 17 წლისაა და ამ სპორტს სიამოვნებთ მიჰყვება.

„ზღვაში რომ გამოვედით, დიდად არ შემშინებია, არც მახსოვს, ჯერ შევეჩვიე თვითონ ნავს და მეორე გაკვეთილზე უკვე აფრები დაგვიყენეს და დავიწყეთ სიარული და აწყობაც ვისწავლეთ ნელ-ნელა, აფროსნობა გვასწავლის გუნდურ მუშაობასთან ერთად დამოუკიდებლობასაც, რადგან შენ თვითონაც აკეთებ ბევრ რამეს და სხვებიც გეხმარებიან, სხვების გარეშე ვერაფერს გააკეთებ აქ, რადგან ყოველთვის ვიღაცასთან ერთად უნდა იყო, კატერი მოგყვება ზღვაში, ან მეგობრები მოგყვებიან ნავით, თვითონ ძალიან ბევრ რამეს მოიცავს აფროსნობა, ქართან ურთიერთობას, ბუნებაში ხარ სულ, ჟანგბადს სუნთქავს, წყალთან ურთიერთობ და ძალიან საინტერესოა ყოველმხრივ და ამაზე კარგი სპორტი არ ვიცი“- ამბობს აფროსანი მარი წამალაშვილი.

აფროსნობა ძალიან მოსწონს 9 წლის გიორგი გრიგოლიასაც. გიორგის მამა აფროსნების მწვრთნელია.

„4 წლის ვიყავი, როცა პირველად ნავში ჩავჯექი და გავატარე. ძალიან მიყვარს ეს სპორტი, სასიამოვნოა და ყველაფერი გავიწყდება, სულ ნავზე ფიქრობ. ძალიან სააზროვნო სპორტია, ძლიერ ქარში არის ცოტა სირთულე, შეიძლება ამოყირავდეს ნავი და სუსტ ქარში არ არის რთული. ძალიან მომწონს და ვაპირებ სპორტის გაგრძელებას ცხოვრების ბოლომდე“, – ამბობს აფროსანი გიორგი გრიგოლია.

თბილისის საიალქნო კლუბში მუდმივად 15 აფროსანი ვარჯიშობს, თუმცა წლის განმავლობაში და განსაკუთრებით ზაფხულში, აქ სხვებიც მოდიან აფროსნობის მოკლე კურსების გასავლელად.

ეს ახალგაზრდები კი მთელი წლის განმავლობაში 4-5 საათს ვარჯიშობენ ყოველდღიურად. როგორც ყველა სპორტის სახეობაში აფროსნობაშიც მთავარი კარგი მწვრთნელია.

სირთულეები ამ სპორტში არის, რადგან სტიქიასთან გვაქვს საქმე, ქართან, ზღვასთან. შესაბამისად, როცა უფრო მკაცრი ამინდებია, დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა ჩვენ მზად ვართ, ბავშვებიც მზად არიან ასეთ ამინდებში სიარულისთვის. მე არ ვთვლი იმას, რასაც ვეძახით შტორმს, ძალიან ძლიერ ქარებსა და სტიქიურ მოვლენებში, თუმცა საშუალოზე ძლიერ ქარშიც გვიწევს სიარული, მაგრამ ჩვენი გუნდი და ჩვენც ვუმკლავდებით. შესაბამისი კატერები გვაქვს, შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ბავშვებიც მზად არიან, უსაფრთხოების ზომებიც დაცულია. თუ დააკვირდებით, ჟილეტებიც აცვიათ. ამ სპორტს ეძახიან ჭადრაკს წყალზე. იმდენად გონივრულად უნდა მიხვდე, რა დროს მოუხვიო, რა დროს რა მოიმოქმედო. შესაბამისად, ეს ფიზიკური და გონებრივი ვისაც კარგად გამოსდის, ის აღწევს წარმატებას“, – ამბობს მწვრთნელი კახი გრი��ოლია.

საქართველოს აფროსნობის ფედერაციის პრეზიდენტის, დევი ქიტუაშვილის, თქმით, მათ რეგიონულ შეჯიბრებებში არაერთხელ მოუპოვებიათ პრიზები და მედლებითა და თასებით დაბრუნებულან. თუმცა უკვე ევროპულ ქვეყნებშიც დადიან საასპარეზოდ.

„12-ში ოპტიმისტები მიგვყავს კვიპროსში, მერე 17-ში მიდიან ილკას კლასის ნავები კვიპროსში. იქ ვესწრებით საერთაშორისო მწვრთნელებთან ერთად წვრთნებს ოპტიმისტის კლასში, ამის შემდეგ გასვლა გვაქვს სომხეთში სევანის ტბაზე, მერე შეკრებები და შეჯიბრი გვაქვს ფოთში, მერე მივდივართ ბაქოში, ვაპირებთ, სავარაუდოდ, ათენში და ბოლოს წლის კულმინაცია იქნება თბილისში საქართველოს ჩემპიონატი, რომელიც თბილისის საიალქნო კლუბში ჩატარდება“,- ამბობს დევი ქიტუაშვილი, აფროსნობის ფედერაციის პრეზიდენტი.

დევი ქიტუაშვილი ამბობს, რომ წარმატებებთან ერთად პრობლემებიც აქვთ. მაგალითად, მოსაწესრიგებელია ნავების ჩამოსატანი ბილიკები: „ჩვენთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, აღჭურვილობის მოგროვება და რაც შეიძლება მეტი და მეტი კადრების გადამზადება და ამაში მნიშვნელოვანი არის ის, რომ ის სპორტსმენები, რომლებიც ჩვენთან ვარჯიშობენ, უფრო მეტი ხანი დარჩნენ ამ სპორტში და არა მხოლოდ სპორტსმენების როლში, არამედ კარიერულ ნაწილშიც, რისი ნიშნებიც ასევე არის“.

მარი წამალაშვილი ახლა აბიტურიენტია და არქიტექტურაზე აბარებს, თუმცა ამბობს, რომ ამ ორ სფეროს ერთმანეთს შეუთავსებს და მის საყვარელ სპორტს, აფროსნობას, არასდროს მიატოვებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend