მთავარისაქართველო„საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი შეჩერებულია" - პაველ ჰერჩინსკი

„საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი შეჩერებულია” – პაველ ჰერჩინსკი

„ევროკავშირში გაწევრების პროცესი შეჩერებულია“, „დრო იწურება“, „სხვა ქვეყნები საქართველოზე წინ არიან“ – ეს ფრაზები ევროკავშირის ელჩს ეკუთვნის საქართველოში. პაველ ჰერჩინსკიმ დღეს განაცხადა, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები ახლა ძალიან დაბალ ნიშნულზეა, მაშინ, როცა შეიძლებოდა რეკორდულად მაღალ ნიშნულზე ყოფილიყო… ამბობს იმასაც, რომ დრო იწურება და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ნაბიჯების გადადგმა ახლა ძალიან საჩქაროა…

„ევროკავშირისთვის გაფართოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია… გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირის გაფართოება მომავალი 5 წლის განმავლობაში მოხდება. თუმცა გაურკვეველია, იქნება თუ არა საქართველო იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ევროკავშირს შეუერთდებიან… სხვა კანდიდატი ქვეყნები სწრაფად მიიწევენ წინ, უკრაინამ და მოლდოვამ ახლახან გახსნეს გაწევრიანების მოლაპარაკებები, მომავალი დიდი გაფართოება მოხდება მალე და იქნება თუ არა საქართველო ამ გაფართოების ნაწილი, ეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსა და ქართველ��ბზეა დამოკიდებული. 27 ივნისს ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში ერთმანეთს შეხვდნენ და მათ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს…. შეათანხმეს ევროკავშირის სტრატეგიული დღის წესრიგი, სამომავლო გეგმები და ბევრ საკითხზე ძალიან სწრაფად მიაღწიეს შეთანხმებას… დაადასტურეს უკრაინის დაცვის მიმართ ჩვენი მტკიცე ვალდებულება… ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, ისინი ასევე შეთანხმდნენ, შეეჩერებინათ ევროკავშირში საქართველოს გაწევრების პროცესი. ეს ძალიან გარკვევითაა ნათქვამი ევროპული საბჭოს დოკუმენტში. წაიკითხეთ ყურადღებით. ევროკავშირის ლიდერებისთვის გაურკვეველია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების განზრახვა. ანტიდასავლური, ანტიევროპული რიტორიკა სრულად შეუთავსებელია ევროკავშირში გაწევრების გაცხადებულ მიზანთან. სამწუხაროდ, ამ დროისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრება შეჩერებულია. ეს ნამდვილად სამწუხარო და გულსატკენია. ჩვენ თვეების განმავლობაში ძალიან მკაფიო გზავნილებს ვგზავნიდით, რომ თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება მოხდებოდა, ამას შედეგები მოჰყვებოდა. კანონი მიღებულია. ახლა, სამწუხაროდ, შედეგების დრო დადგა“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ისაუბრა საპარლამენტო არჩევნებზეც. თქვა, რომ მხოლოდ ქართველი ხალხია ის, ვისაც აქვს უფლება აირჩიოს საქართველოს მთავრობა. და იმედი გამოთქვა, რომ ახლად ჩამოყალიბებული მთავრობა, დაიწყებს ხელახალ სერიოზულ მუშაობას ევროკავშირში გაწევრების გზაზე…

„ქართველი ხალხია ის, ვისაც აქვს უფლება აირჩიოს ახალი მთავრობა. ახალჩამოყალიბებული მთავრობა კი აირჩევს იმას, თუ რა მიმართულებით უნდა წავიდეს ქვეყანა. ევროკავშირი საქართველოსთანაა… თუ თქვენი მთავრობა აღარ იქნება დაინტერესებული ევროკავშირში გაწევრებით, ჩვენ მაინც ვითანამშრომლებთ თქვენთან, როგორც ევროკავშირი თანამშრომლობს ისეთ ქვეყნებთან, რომლებიც არც ევროკავშირში არიან და არც კანდიდატ ქვეყნებს წარმოადგენენ… ამჟამად, ევროკავშირს სანქციები არ დაუწესებია… თუმცა ამ დროისთვის ფული, რომლის გადმორიცხვასაც ვგეგმავდით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის და რომელიც 30 მილიონ ევროს შეადგენს, გაყინულია. სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში განიხილება სხვა ზომების მიღებაც… ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ შემცირდება, გაიზრდება სამოქალაქო სექტორისა და მედიის მხარდაჭერა…. ჩვენ მრავალი წელია ვაფინანსებთ საქართველოს მთავრობას… ისინი ევროკავშირისგან იმაზე უფრო ბევრს იღებენ, ვიდრე არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები…“ – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ევროპული სამშვიდობო ფონდიდან 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების გაყინვაზე საუბრის შემდეგ პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და იქნება სხვა ნაბიჯებიც…

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend