მთავარისაქართველოტურიზმი მტკვარზე

ტურიზმი მტკვარზე

მდინარე ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა მასზე გაშენებული ქალაქებისთვის. ასე იყო ყველგან, სადაც ქალაქის დატვირთულ გზებს წყალი ყოფდა და ასე იყო ყველა დროში.

წყალზე გაშენებული სხვა ქალაქების მსგავსად ასეთივე მდგომარეობაა თბილისშიც, რომელიც ამიერკავკასიის უდიდეს მდინარეზე, მტკვარზეა, გაშენებული. ძველი თბილისის ფოტოებიდან ყველას თვალწინ უდგას მტკვარზე დაშვებული ტივების სურათები. შემდეგაც, როცა მტკვარს ქალაქის გასწვრივ პერანგი „ჩააცვეს“, სანაპიროებს საწყლოსნო ტრანსპორტისათვის ადგილ-ადგილ საგანგებო გაჩერებები მიუშენეს, მაგრამ მტკვარი მაინც ვერასდროს გახდა თბილისის სატრანსპორტო მაგისტრალი.

გამოხდა ხანი და თბილისში ჩამოსული ტურისტები სულ უფრო ხშირად ჩანან მტკვარზე მოსეირნე ტივებსა და კატამარანებზე. მდინარეზე მოძრავი ტივები და ბორნები სულ უფრო მომრავლდა და დღეს თბილისის სტუმრებისთვის, მტკვარზე გასეირნება ერთ-ერთი აუცილებელი გასართობია სანახაობათა სიაში.

რასაც თვალი სანაპიროებიდან გადმოხედვისასაა მიჩვეული, განსხვავებულად აღიქმება წყლის ტრანსპორტიდან. აქედან თბილისის სულ სხვა ხედები იშლება.

„ამ ქალაქის აბსოლუტური უმრავლესობა აქ ნამყოფი არაა და მათთვის ძალიან დიდი სიურპრიზია, როცა ათვალიერებენ თბილისის ამ საინტერესო ნაწილს. ბევრი ადამიანი აღნიშნავს, რომ გასეირნების შემდეგ, თითქოს, ტურისტად იყო ქალაქში, რაც ძალიან მახარებს. აღსანიშნავია, რომ წყლიდან შესაძლებელია ყველა მნიშვნელოვანი ძეგლის ნახვა, რომელიც ჩვენს ქალაქს უხვად აქვს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკმაოდ მოკლე მონაკვეთში ბევრი სხვადასხვა პეიზაჟი იშლება, რაც ამ ტურს უნიკალურსა და განსაკუთრებულს ხდის. ხშირად ვამბობ, რომ არსებობდეს რაიმე შეჯიბრი მდინარეების ტურებს შორის, ალბათ თბილისი იქნებოდა ერთ-ერთი მოწინავე. როგორც ტურისტები, ისე ადგილობრივები, ერთხმად აცხადებენ, რომ მსგავსი სილამაზე მათ არ უნახავთ“, – ამბობს მეტივე ნიკოლოზ კორკოტაძე.

გარდა ტურისტული ღირსშესანიშნაობისა, მტკვრის ორივე სანაპიროზე ჩამწკრივებული ტივები დედაქალაქის კულტურისა და ისტორიის განუყოფელი ნაწილიცაა.

„მტკვარს ოდითგანვე ჰქონდა ისტორიული დატვირთვა. პრაქტიკულადაც, მოსახლეობა მას აქტიურად გამოიყენებდა. როცა სამანქანო ტრანსპორტი არ იყო განვითარებული ერთი ნაპირიდან მეორეზე, ტვირთი ტივებით გადაჰქონდათ. გარკვეული დროის შემდეგ ამ ყველაფერმა აქტუალობა დაკარგა და დღეისათვის მტკვარი აღარაა იმდენად განვითარებული და ათვისებული“, – თქვა მეტივემ ნიკოლოზ კორკოტაძემ.

მშვიდობის ხიდი, მეტეხის ტაძარი, კლდეზე გადმოკიდებული თბილისური სტილის აივნიანი სახლები, აბანოთუბანი, ეროვნული იდენტობის გამომხატველი ქართლის დედა და ქალაქის დამაარსებლის, ვახტანგ გორგასლის ძეგლი – ამ და სხვა არქიტექტურულ მემკვიდრეობასთან ერთად დამთვალიერებლის თვალწინ მტკვრიდან ბუნებრივი ლანდშაფტები იშლება. სასიამოვნო მუსიკისა და სიოს თანხლებით ტივებიდან და ბორნებიდან ამ სურათის ხილვა ნებისმიერ ტურისტსა თუ ადგილობრივს დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია.

„თბილისის ცენტრში გვაქვს ძალიან საინტერესო ადგილი, სადაც უამრავი გარეული ფრინველი ბინ��დრობს. ზაფხულის ბოლოს ისინი მიფრინავენ ხოლმე, თუმცა აქ ბუდობისას, როგორც ადგილობრივების, ისე ტურისტების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევიან. იმ რაოდენობის ფრინველებს, რაც ამ ადგილასაა, ზოოპარკშიც კი ვერ ნახავთ“, – ამბობს მეტივე.

„აქ ჩამოდიან ტურისტები სხვადასხვა ქვეყნიდან. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მოსწონთ ჩვენი ქალაქის სიძველე და მისი ისტორიული მხარე. თანამედროვე მხარეს არაფერს უწუნებენ, უბრალოდ, ჩემი აზრით, ძველი ნაწილი უფრო ღირსშესანიშნავი და ღირებულია“, – აღნიშნავს ერთ-ერთი ბორნის კაპიტანი გიორგი ნინოშვილი.

წყალზე არსებული სასეირნო ტრანსპორტითა და თბილისის ისტორიული ღირსშესანიშნაობებით მოხიბლულები არიან ტურისტებიც. გერმანიიდან საქართველოს დედაქალაქში ჩამოსული სტუმრები ამბობენ, რომ მტკვრიდან განსხვავებული და შთამბეჭდავი ხედები იშლება.

„უცხო ქვეყანაში პირველად ვარ. გაოცებული ვარ, რამდენად მეგობრული, თავისუფალი და ლამაზი გარემოა აქ. თბილისი ძალიან განსხვავებული ქალაქია. ერთი მხრივ, ძველი ნაწილი ეროვნული ტრადიციებითაა სავსე, ხოლო, მეორე მხრივ, აქ არსებული ხიდი თანამედროვე არქიტექტურითაა გამორჩეული. სასიამოვნოა, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან ასე ახლოსაა. მდინარეზე ტივით გავისეირნე და ქალაქი კიდევ ერთხელ აღმოვაჩინე. მე და ჩემს მეგობარს აქ დარჩენა უფრო დიდი ხნით გვსურს“, – ამბობს ერთ-ერთი გერმანელი ტურისტი.

ქვეყანაში, სადაც ტურიზმის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, მისი მთავარი მდინარის, მტკვრის, პოტენციალი სათანადოდ არ არის გამოყენებული. ეს ისევ არის ქალაქისა და მის ინფრასტრუქტურაზე პასუხისმგებელი ხალხის საფიქრალი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend