მთავარიევრონიუს ჯორჯიას სტუმარიზე ელიასმა საქართველოში „ინტერის” აკადემიის ბავშვებს გამოცდილება გაუზიარა

ზე ელიასმა საქართველოში „ინტერის” აკადემიის ბავშვებს გამოცდილება გაუზიარა

„საქართველოს ნაკრებში კარგი ფეხბურთელები თამაშობენ, თუმცა მთავარი ის არის, რომ მატჩის მიმდინარეობისას ერთიან გუნდს ვხედავთ. ყველა მოთამაშე ერთად იბრძვის, მხოლოდ საკუთარი თავისთვის არავინ თამაშობს. საუკეთესო მოთამაშეც კი, გუნდისთვის ასპარეზობს. ამით ფეხბურთელები ამტკიცებენ, რომ თავიანთი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის იბრძვიან”.

ბრაზილიის ნაკრებისა და „ინტერის” ყოფილი ფეხბურთელი ზე ელიასი ქართული და მსოფლიო ფეხბურთის შესახებ ევრონიუს ჯორჯიას ესაუბრა.

გიორგი სანაძე, ჟურნალისტი: მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ.

ზე ელიასი, ფეხბურთელი: მადლობა, ჩემთვის აქ ყოფნა პატივია.

გიორგი სანაძე, ჟურნალისტი: ასეთი გამოცდილების მქონე ფეხბურთელის ჩამოსვლა ჩვენი ქვეყნისთვის, რომელშიც ფეხბურთი ძალიან უყვართ, ყოველთვის მნიშვნელოვანი ამბავია. უპირველეს ყოვლისა საინტერესოა, რა არის აქ თქვენი ჩამოსვლის მიზეზი, რას საქმიანობთ საქართველოსა და თბ���ლისში?

ზე ელიასი, ფეხბურთელი: დაახლოებით 1-2 თვის წინ იტალიაში, ჩემპიონატში ინტერის ბოლო მატჩზე ვიყავი, სადაც საქართველოში ინტერის აკადემიის პრეზიდენტს, ირაკლი კუჭავას შევხვდი. ვისაუბრეთ და ირაკლიმ საქართველოში ჩამოსვლა, აკადემიის ბავშვებისთვის გამოცდილების გაზიარება, აქაური ინფრასტრუქტურისა და ქვეყნის ჩვენება შემომთავაზა. ეს ჩემთვის დიდი პატივია და შეუდარებელი გამოცდილებაა. 48 წლის ასაკში საზღვარგარეთ ფეხბურთსა და ჩემს ცხოვრებაზე სალაპარაკოდ პირველად წავედი.

გიორგი სანაძე, ჟურნალისტი: „ინტერის აკადემია“ და სხვა საფეხბურთო აკადემიები ცდილობენ ხშირად ჩამოიყვანონ ცნობილი საფეხბურთო ფიგურები და ამ მხრივაც წაახალისონ ბავშვთა ფეხბურთი. როგორი იყო ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებთან შეხვედრა? რამდენად დიდი იყო მათგან ინტერესი და შეძელით თუ არა გარკვეულწილად თქვენი გამოცდილების გაზიარება მათთვის?

ზე ელიასი, ფეხბურთელი: ჩემს ცხოვრებაში ეს ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება იყო. დიდი ხნის წინ მეც ვიყავი პატარა ფეხბურთელი, რომლის კერპიც ედერ ალეიშო იყო. ის 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში თამაშობდა. მე ამ დროს ექვსი წლის ვიყავი. მაშინ მინდოდა მას დავმსგავსებოდი. როდესაც ქართველ ბავშვებს შევხვდი საკუთარი თავი მათ ადგილას დავაყენე და გამახსენდა ჩემი გამოცდილება, ის ყველაფერი რისი გაკეთებაც მომხდა რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გამოვსულიყავი. ეს ძალიან ემოციური მომენტი იყო ჩემთვის და სანერვიულოც, რადგანაც როდესაც 8-10 წლის ბავშვებს ესაუბრები შესაძლოა მათ შენი სიტყვები დაიმახსოვრონ და ამან მათ მომავალზე გარკვეულწილად იმოქმედოს. ჩემთვის ასევე ძალიან სასიამოვნო იყო აკადემიის წარმომადგენლებთან, ლევან მჭედლიძესთან, ნიკა აქუბარდიასთან, ანი ფურცელაძესთან საუბარი. ეს ძალიან სასიამოვნო გამოცდილება იყო რომელიც დარწმუნებული ვარ, არასდროს დამავიწყდება.

გიორგი სანაძე, ჟურნალისტი: ნამდვილად, ბავშვებისთვისაც უმნიშვნელოვანესია საფეხბურთო კერპებთან შეხვედრა.როგორც ვიცი, შესაძლოა ბრაზილიაში ინტერის აკადემიის ფეხბურთელები აქ ჩამოვიდნენ, შედგეს გარკვეული თანამშრომლობა საქართველოსა და ბრაზილიის ინტერის აკადემიებს შორის, რამდენად რეალურია ეს ყოველივე და რა მნიშვნელობა ექნება ამას ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის?

ზე ელიასი, ფეხბურთელი: უკვე ვესაუბრე მარსელოს, ბრაზილიაში ინტერის აკადემიის მფლობელს, ის საქართველოში ინტერის აკადემიის წარმომადგენლებს დაუკავშირდება და შესაძლოა დაიწყონ თანამშრომლობა გაკეთდეს პატარა შეჯიბრება, რომელშიც მონაწილეობას ქართველებთან ერთად ახალგაზრდა ბრაზილიელი ფეხბურთელებიც მიიღებენ. ყოველთვის კარგია, როდესაც გამოცდილებას სხვა ქვეყნის წარმომადგენლებისგან იღებ და რაღაც განსხვავებულს აკეთებ, შესაძლოა ასე გაიუმჯობესო მენტალიტეტი, ტექნიკა და სხვა დეტალები. ასეთ დროს საშუალება გაქვს შეადარო ერთმანეთს მიდგომები და მიიღო საუკეთესო შედეგი განსხვავებული ხედვის მეშვეობით. ვფიქრობ რომ ეს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ ბრაზილიაში ბევრი უცხოელი მწვრთნელი გვყავს, მაგალითად პორტუგალიელები, არგენტინელები და ასე შემდეგ.. ასეთ დროს ფეხბურთს განსხვავებულად უყურებ.

გიორგი სანაძე, ჟურნალისტი: როგორ ფიქრობთ რა საფეხბურთო პოტენციალია ამ ქვეყანაში. ბევრი ექსპერტი ფიქრობს რომ საქართველოში ნიჭიერი ფეხბურთელები არიან, თუმცა განვითარებისთვის უკეთესი სისტემაა საჭირო, როგორ ფიქრობთ რა საფეხბურთო პოტენციალია ამ ქვეყანაში. რა უნდა გაკეთდეს იმისათვის რომ ახალგაზრდებს თავის წარმოჩენის უკეთესი შესაძლებლობები ჰქონდეთ?

ზე ელიასი, ფეხბურთელი: უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, ვფიქრობ, რომ ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული შედეგი საამაყოა. ეს ბავშვებისთვის დიდი მოტივაცია და იმედია. ადრე ისინი მატჩებს კრიშტიანუ რონალდუს, ლიონელ მესის სანახავად უყურებდნენ, ასეთი თამაშების შემდეგ კი უკვე ქართველ ფეხბურთელებს უყურებენ, მაგალითად ხვიჩა კვარაცხელიას. ეს ბიჭები მომავალი თაობის კერპებად ყალიბდებიან, ისინი ისტორიას წერენ და ქართული ფეხბურთის განვითარებაში წვლილი შეაქვთ. საქართველოს სუპერთასის ფინალსაც დავესწარი ქუთაისის „ტორპედოსა“ და „დინამო თბილისს“ შორის“, ვფიქრობ რომ კარგი ფეხბურთელები გყავთ. უპირველეს ყოვლისა საჭიროა დაიჯერო, რომ შეგიძლია იყო უკეთესი. როდესაც ამის გჯერა, თვითრწმენა იზრდება და ამას შედეგის მოტანა შეუძლია

გიორგი სანაძე, ჟურნალისტი: თქვენ საქართველოს ნაკრები ახსენეთ, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული დებიუტი ჰქონდა. ქართველებმა პორტუგალია დაამარცხეს და ევროპის საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდნენ. როგორც ვიცი თქვენ საქართველოს გულშემატკივრობდით, როგორ მოგეწონათ ჩვენი ნაკრების გამოსვლა ევროზე, ისიამოვნეთ თუ არა მათი თამაშით?

ზე ელიასი, ფეხბურთელი: ქართველების თამაში ძალიან მომეწონა და ძალიან გახარებული ვარ. ვიცი რამდენად რთულია როცა გამოუცდელი გუნდი ხარ და ძლიერი ნაკრებების წინააღმდეგ გიწევს თამაში. მაგალითად პორტუგალიას კრიშტიანუ რონალდუ ჰყავს და ძალიან ძლიერი გუნდია. საქართველო-პორტუგალიის მატჩის დროს ქართველებს ვესაუბრებოდი და საქართველოს ნაკრებს ვგულშემატკივრობდი. ნაკრების ფეხბურთელები კლუბებში საზღვარგარეთ მაღალ დონეზე თამაშობენ, თუმცა მთავარი ის არის, რომ საქართველოს თამაშის დროს ერთიან გუნდს ხედავ. ყველა მოთამაშე ერთად იბრძვის, მხოლოდ საკუთარი თავისთვის არავინ თამაშობს. საუკეთესო მოთამაშეც კი გუნდისთვის ასპარეზობს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამით ფეხბურთელები ამტკიცებენ რომ თავიანთი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის თამაშობენ. ეს ბიჭები ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნებები არიან ბავშვებისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის, მათი თამაშის ყურებისას ხალხი საქართველოს ნაკრებით ამაყობს, რაც ძალიან კარგია.

გიორგი სანაძე, ჟურნალისტი: ახლა ალბათ საუკეთესო მომენტია ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის, ქვეყანაში საფეხბურთო ბუმია, სტადიონები ივსება. როგორ ფიქრობთ რა მიმართულებები უნდა განვითარდეს იმისათვის რომ ეს ერთგვარი საფეხბურთო აღტაცება ქვეყანაში შენარჩუნდეს და ხელი შეუწყოს ფეხბურთის განვითარებას?

ზე ელიასი, ფეხბურთელი: ჩემი აზრით, როგორც აღვნიშნე მთავარი ის ამ, რომელიც ფეხბურთელებმა ქართველ ხალხს გაუგზავნეს: ჩვენ ერთად ვთამაშობთ, ერთად შეგვიძლია გამარჯვება და ერთად ვიზრდებით. ბრაზილიაში ამბობენ რომ როდესაც ერთიანად თამაშობ ინდივიდებიც თავს სწორედ ასეთ დროს იჩენენ. საქართველოს ნაკრებიც ხალხისთვის ამის მაგალითია. არ ვიცი როგორია ფედერაციის სტრუქტურა, თუმცა ერთ-ერთი კარგი მაგალითი ინტერის აკადემიაცაა. აქ არის შესაძლებელი ახალი თაობის გაზრდა იტალიური, ესპანური, ინგლისური მიდგომებით. შესაძლოა თამაშის სტილის შეცვლადა საუკეთესო თვისებების აღება: ესპანეთი ტექნიკით გამორჩევა, ინგლისი სისწრაფით, საფრანგეთი კი ფიზიკ��რობით. როდესაც მათი გამოცდილებას ქართველი ფეხბურთელები იზიარებენ, რა თქმა უნდა, ფეხბურთი აქ უფრო ვითარდება. ეს სწრაფი პროცესი არაა, თუმცა თუ არის მხარდაჭერა, მაგალითად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან, მომავალ შეჯიბრებებში შესაძლოა საქართველომ თავი კიდევ უფრო კარგად წარმოაჩინოს.

გიორგი სანაძე, ჟურნალისტი: დიახ, და ეს მხოლოდ ეროვნულ ნაკრებს არ ეხება, რომელიც უკვე მაღალ დონეზე თამაშობს. ფეხბურთის განვითარებისთვის ქვეყანაში აუცილებელია უფრო ძლიერი შიდა ჩემპიონატის არსებობა. ბრაზილიაში შესანიშნავი ჩემპიონატი გაქვთ, რომლის მატჩებსაც გულშემატკივარი ყოველთვის ესწრება. საქართველოს ჩემპიონატში ახლა განსხვავებული ვითარებაა, თუმცა ბოლო წლებში რამდენიმე გუნდი აქტიურად ცდილობს ლიგის განვითარებას. მაგალითად ბოლო პერიოდში მოულოდნელი ტრანსფერი შედგა, ქუთაისის ტორპედოში ლივერპულისა და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, მამადუ სახო გადავიდა. არის თუ არა ასეთი ნაბიჯები ქართული გუნდების ევროტურნირებზე გამოჩენისა და შიდა ლიგის განვითარების ერთ-ერთი საწინდარი ?

ზე ელიასი, ფეხბურთელი: როდესაც ასეთი დიდი ფეხბურთელები ჩამოდიან მნიშვნელოვანი ის თუ როგორ მოიქცევიან აქ ყოფნისას. უნდა გაათვიცნობიერონ რომ ისინი აქ მაგალითის მისაცემად არიან და არა არდადეგებზე. მქონია ასეთი შემთხვევები, როდესაც დიდი სახელის მქონე ფეხბურთელებს გუნდის ამბები დიდად არ აინტერესებდათ. დიდი სახელის მქონე ლეგიონერებმა უნდა გაითავისონ რომ აქ თავიანთი გამოცდილება ახალგაზრდებს უნდა გაუზიარონ, ხელი შეუწყონ მათ განვითარებას, რათა მათი თამაშები შემდეგ დიდ საფეხბურთო შეჯიბრებებზეც, დიდ ჩემპიონატებში ნახონ და ამით თავადაც იამაყონ რომ მათ განვითარებაში წვლილი შეიტანეს. ვფიქრობ ეს მათი მთავარი მიზანია.

გიორგი სანაძე, ჟურნალისტი: ზუსტად, ასეთ მოთამაშეებს ფეხბურთელობის გარდა სხვა ფუნქციებიც ექნებათ, იქნებიან ერთგვარი ელჩები და ასე შემდეგ. დავუბრუნდეთ დიდ საფეხბურთო შეჯიბრებებს, ევროპის ჩემპიონატის პარალელურად, კოპა ამერიკა მიმდინარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჯგუფური ეტაპი იქაც დასრულდა და პლეიოფი დაიწყო. კოპა ამერიკაზე თქვენი გუნდი, ბრაზილიაც ასპარეზობს. როგორ ფიქრობთ, არიან თუ არა კვლავ მთავარი ფავორიტები არგენტინისა და ბრაზილიის ნაკრებები, თუ უკვე მათთან ერთად უნდა ვახსენოთ ისეთი გუნდები, როგორებიც არიან მაგალითად კოლუმბია და ურუგვაი?

ზე ელიასი, ფეხბურთელი: ვფიქრობ, რომ ბრაზილიის ნაკრები შედარებით უკან არის. რადგანაც ჩვენი მწვრთნელი ცოტა ხნის წინ შეიცვალა. ბრაზილიასა და ეროვნულ ნაკრებში ბევრი პრობლემა იყო, გუნდის მწვრთნელად ფერნანდო დინიზი მოვიდა, რომელსაც განსხვავებული ხედვა და სათამაშო სტილი აქვთ. ახლა გუნდს დორივალ ჯუნიორი ხელმძღვანელობს, რომელსაც სრულიად განსხვავებული მეთოდები აქვს. მნიშვნელოვანი ფაქტორია თაობათა ცვლაც. ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში ბოლო დიდი სუპერვარსკვლავია, ისეთი როგორებიც იყვნენ რონალდო ლუის ნაზარიო, რივალდო. ის რაც ვინისიუს ჯუნიორმა რეალ მადრიდთან ერთად ბოლო სეზონში გააკეთა დაუჯერებელია, ის შესანიშნავი ფეხბურთელია თუმცა სანაკრებო დონეზე თამაში სხვა ამბავია ნაკრებში ახლა სუპერვარსკვლავები არ გვყავს როგორებიც არიან ჯუდ ბელინგემი, ტონი კროოსი და სხვები. ძალიან კარგი, განსხვავებული სტილის ფეხბურთელები გვყავს და ვცდილობთ ამით გუნდის აწყობას. ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით გუნდმა სულ რამდენიმე თამაში ჩაატარა. ვფიქრობ რომ მთავარი ფავორიტი კოპა ამერიკაზე არგენტინაა, გუნდი რომელსაც გამორჩეული ფეხბურთელები ჰყავს და ისინი დიდი ხანია ერთად თამაშობენ. ძალიან კარგი ნაკრები ჰყავს ურუგვაისაც, მასელო ბიელსა განსხვავებული სპეციალისტია, თუმცა მან გუნდი შეკრა და კარგ ფეხბურთს ათამაშებს. ასევე უნდა აღვნიშნოთ კოლუმბია. ვფიქრობ რომ ახლა ეს სამი ნაკრები ბრაზილიაზე უკეთესია, თუმცა ტრადიციულად ფავორიტებს შორისაა ბრაზილიაც. შესაძლოა ეს ბრაზილიის საუკეთესო გუნდი არაა, თუმცა ეს ფორმა და ეს ნაკრები ყოველთვის იმსახურებს პატივისცემას. ახალი თაობის ახალი გუნდს ვაშენებთ, გვაქვს პრობლემები ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციაშიც, არის სირთულეები ახალ პრეზიდენტთან, თუმცა ვფიქრობ რომ რამდენიმე თვის შემდეგ უკეთესი ხარისხის ფეხბურთს ვითამაშებთ და კვლავ სამხრეთ ამერიკის ტოპ გუნდი ვიქნებით.

გიორგი სანაძე, ჟურნალისტი: ბრაზილიის ნაკრებზე ვსაუბრობთ და ჩვენ ვახსენეთ რონალდო. ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ვინც ოდესმე ბურთს შეხებია. თქვენ კი მისი თანაგუნდელი იყავით. შეგიძლიათ გვითხრათ, თქვენთვის როგორ იყო ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის თანაგუნდელობა?

ზე ელიასი, ფეხბურთელი: ეს ჩემთვის ძალიან კარგი გამოცდილება იყო. ასევე, როდესაც კორინთიასის შემადგენლობაში, ბრაზილიის ლიგაში ��ირველი ოფიციალური მატჩი ჩავატარე, მაშინ რონალდომ პირველი შეხვედრა კრუზეიროს რიგებში გამართა. დებიუტი ორივეს ერთ შეხვედრაში გვქონდა. 2-0 მოვუგეთ. ამის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის მერე, რონალდოს ნაკრებში შევხვდი. ის განუმეორებელია. ცხოვრების განმავლობაში ვისთანაც მითამაშია, ის საუკეთესოა. ძალიან სწრაფი და ჭკვიანია. მოედანზე ბევრ ვარიანტს ხედავდა. არ ვიცი როგორ ავხსნა, შესაძლოა ის სხვა პლანეტიდანაა, რადგან ყოველ დღე რაღაც სიგიჟეს აკეთებდა. შეხვედრისას მხოლოდ მცირე ნაწილს ხედავ. ხოლო ვარჯიშებისას, ყოველდღიურად ვხედავდით თუ რა შეეძლო მას. ის განსაკუთრებული, ფანტასტიკური იყო. ასევე ძალიან უბრალო ადამიანია, ყოველთვის ხუმრობს, ყოველთვის გელაპარაკება. მისი ოჯახიც, მისი დედა დონა სონიაც ასეთია. მიმაჩნია, რომ ეს სწორედ მისი ოჯახიდან მოდის. ვფიქრობ რონალდომ ფეხბურთის სამყარო შეცვალა. მანამდე ან იტალიელი სუპერვარსკვლავი იყავი ან ესპანელი სუპერვარსკვლავი. ის კი სუპერვარსკვლავი ყველგან იყო. მაშინ, როდესაც ერთად ვთამაშობთ, რონალდო მსოფლიოს მასშტაბით მესამე ყველაზე ცნობადი ადამიანი იყო. რომის პაპი, ჯორჯ ბუში და მერე რონალდო.

გიორგი სანაძე, ჟურნალისტი: თქვენ უეფას თასი და მრავალი შიდა ჩემპიონატი მოიგეთ. მაგრამ ამის გარდა ბრაზილიის 23 წლამდელ ნაკრებთან ერთად ოლიმპიადაზე გახდით ბრინჯაოს მედლის გამარჯვებული. ახლა მალე პარიზის ოლიმპიური თამაშები დაიწყება. შეგიძლიათ გვითხრათ რამდენად მნიშვნელოვანია ეს? ეს არის სპორტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფორუმი, მათ შორის ფეხბურთელებისთვისაც?

ზე ელიასი, ფეხბურთელი: ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულია. რამდენი ფეხბურთელი თამაშობს ოლიმპიადაზე, რამდენს აქვს ამის შესაძლებლობა, ჯამში რამდენი მატჩია, რამდენი დრო სჭირდება ეროვნულ გუნდს, რომ ოლიმპიურ თამაშებზე გავიდეს. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თამაშებისთვის განსხვავებულად ვემზადებოდით, რადგან ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებს ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ადგილი არასდროს აუღია. ოლიმპიადისთვის ისე მოვემზადეთ, როგორც მსოფლიო ჩემპიონატზე მოვემზადებოდით. სამწუხაროდ ოლიმპიური ჩემ���იონები ვერ გავხდით. ნიგერიის ნაკრებთან დავმარცხდით. მათ შემადგენლობაში ნვანკვო კანუ ჰყავდათ. ამიტომ ცუდი მოგონებები მაქვს. თუმცა ბრინჯაოს მედალი სახლში მიდევს. იმით რასაც ნაკრებში მივაღწიე ყოველთვის ძალიან ვამაყობ.

გიორგი სანაძე, ჟურნალისტი: დიდი მადლობა სტუმრობისთვის, სასიამოვნო იყო.

ზე ელიასი, ფეხბურთელი: პირიქით თქვენ დიდი მადლობა. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც აქ დამხვდა. აქ თავი ისე ვიგრძენი, როგორც საკუთარ სახლში. დიდი მადლობა და წარმატებას გისურვებთ

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend