მთავარიგადაცემებიანგოლაამინატა გუბელი - ანგოლის კულტურის მცველი

ამინატა გუბელი – ანგოლის კულტურის მცველი

ამინატა გუბელმა –  ცნობილმა ანგოლელმა მომღერალმა, ყოფილმა მსახიობმა, ჟურნალისტმა და კულტურის აქტივისტმა, რომელსაც ზედმეტსახელად Mama África-ს უწოდებენ, საკუთარი სახლი სახლ-მუზეუმად –   Casa Museu-დ აქცია.

ამინატას სახლი ლუანდაში  ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და იგი ნამდვილი საოცრებათა ქვეყანაა ანგოლის კულტურის მოყვარულთათვის.

აქ გამოფენილია ნიღბები, ხელოვნების ნიმუშები, ინსტრუმენტები –  ეს მაგიური გარემო ამინატამ სიყვარულითა და რუდუნებით შექმნა.

ამინატა გუბელი, Mama África:

„ხალხი გაკვირვებული შემოდის და კითხულობს, აქ სასტუმროა, რესტორანი თუ სახლიო? ეს ქალი, მგონი, გიჟიაო. მე ვეუბნები – მობრძანდით. მე „მამა აფრიკა“ ვარ. მე ყოველდღე ვისრუტავ აქაურ კულტურას და შემდეგ ვავრცელებ. ასე ვცხოვრობ. სხვაგვარად ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.“

ამინატას Casa Museu ანგოლისა და აფრიკის კულტურით სულდგმულობს.

„მე მაქვს ცხოვრების მიზანი, რომელსაც ვემსახურები,“ – გვიხსნის ამინატა.  „ ეს მიზანია აფრიკა და აფრიკელობა. მინდა, უკეთესი აფრიკა ვიხილო, ბედნიერი აფრიკა, სადაც არ არის ომი, შიმშილი. მსურს, რომ აფრიკელი ბავშვის თვალებში მშვენიერება ირეკლებოდეს, რომ ირგვლივ ღიმილიანი სახეები ჩანდეს,  ვხედავდე ეროვნულ სამოსში გამოწყობილი იმ აფრიკელი ქალის თვალებს, რომელსაც ბუნებრივი თმა ამშვენებს.“

 

მომავალ თაობაზე ზრუნვა

აფრიკის საქმეს ამინატას მთელი ოჯახი ემსახურება. მათ შორის მისი დედა, ანგოლის ცნობილი მზარეული, რომელსაც Mama Kuiba-ს უწოდებენ და რომელსაც „ევრონიუსმა“ ერთხელ სიუჟეტიც მიუძღვნა. ამ საქმეს აგრძელებს ამინატას ქალიშვილიც, რომელიც ენერგოკომპანიაში მუშაობს.

ამინატა გუბელი:

„მე  დედამ, ბებომ და დიდმა ბებომ გამზარდეს ისეთ  ტრადიციებზე, რომლებიც ქალის სიტყვას ოჯახში დიდ ძალას ანიჭებს. მე მიყვარდა ეს კულტურა და ყოველთვის მსურდა, რომ ვყოფილიყავი ისეთი ქალი, რომელიც ინარჩუნებს თავის აფრიკულ, ანგოლურ თვითმყოფადობას.“

ეს ანგოლური სული ამინატას ქალიშვილმაც შეინარჩუნა, მიუხედავად მისი საქმიანობისა.

ფატიმა მარლენ გუბელ მანუელი, სოციოლოგი და მეწარმე:

„მსურს ვაჩვენო ახალგაზრდებს, ჩემს თაობას და ჩემს შემდეგ თაობას, რომ შესაძლებლია, შეინარჩუნო აფრიკული თვითმყოფადობა –  გქონდეს აფრიკული ვარცხნილობა და ატარო აფრიკული ტანსაცმელი, და ამავე დროს დარჩე ახალგაზრდად, იყო მომღერალი ან ექიმი. რომ შესაძლებელია, გქონდეს ნებისმიერი პროფესია და იცვამდე, როგორც აფრიკელი.“

Mama África -ს მუზეუმის  მთავარი მიმზიდველობა ის არის, რომ სტუმრებმა თავი ისე იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში.

ფატიმა მარლენ გუბელ მანუელი:

„დედას ასეთი რიტუალი აქვს – სტუმარმა შემოსვლამდე დოლზე უნდა დაუკრას და ფეხზე უნდა გაიხადოს. ამიტომ მართლა შესანიშნავია აქ სტუმრობა და ყოველთვის ძალიან ბედნიერი ვარ, როცა აქ მეგობრები მომყავს.“

ანგოლის ხმა

ორმოცწლიანი ჟურნალისტური საქმიანობის შემდეგ ამინატა ახლა ეროვნულ რადიოში მუშაობს.

„ჩემი აზრით ამინატა იმ ყაიდის ჟურნალისტებს მიეკუთვნება, რომლებიც თვლიან, რომ ჟურნალისტი ყოველდღე ჟურნალისტია და არა მხოლოდ სამუშაო დღეებში,“ –  ამბობს ლუიზა როჟერიო, ჟურნალისტთა აკრედიტაციის  პრეზიდენტი. „ჩემი აზრით, ამინატა ის ადამიანია, რომელიც თავისი ცხოვრების თითოეულ დღეს აფრიკის კონტინენტის დაცვასა და გაშუქებას უძღვნის“.

ამინატას Casa Museu ნებიმისმიერი თაობის საყვარელი ადგილია, რომელშიც ანგოლის მდიდარ ისტორიას ეცნობიან. ანგოლელების სათაყვანებელ ქალს სურს, რომ თავისი ღრმა ცოდნა კულტურის შესახებ მომავალ თაობებს დაუტოვოს.

 

ავტორი: კრის ბერნსი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend